საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2018 წლის 17 ოქტომბერს ბრატისლავაში ელისო ბოლქვაძის კონცერტი გაიმართა

2018 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და კოშიცეს რეგიონში საქართველოს საპატიო კონსულის ფრანკო პიგოცის თანადაფინანსებით, ბრატისლავის მერიის სასახლეში, გაიმართა გამოჩენილი ქართველი პიანისტის, „იუნესკოს მშვიდობის ხელოვანის“ წოდების მფლობელის, ქალბატონ ელისო ბოლქვაძის კონცერტი, რომელიც სლოვაკეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავისადმი იყო მიძღვნილი. ღონისძიებას ესწრებოდნენ სლოვაკეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სლოვაკეთის მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე სლოვაკეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლები. 
კონცერტის დაწყებამდე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა ბატონმა რევაზ გაჩეჩილაძემ და სლოვაკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ბატონმა შტეფან როზკოპალმა. 
საქართველოს ელჩმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე და გამოთქვა იმედი, რომ სლოვაკეთის მსგავსად ახლო მომავალში საქართველოც შეძლებს გახდეს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრი. 
თავის მხრივ ბ-ნ როსკოპალმა კიდევ ერთხელ გამოხატა სლოვაკეთის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მისი განცხადებით საქართველოს პასუხი აგრესიისა და უსამართლობის მიმართ უნდა იყოს მისი წარმატებული რეფორმები და წინსვლა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. 
კონცერტის დასრულების შემდეგ, მოწვეული სტუმრებისათვის გაიმართა საზეიმო მიღება.